საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონიდან, საბურავებით ფორმულა ერთის გუნდბის ერთადერთი მომწოდებელი იტალიური კომპანია "პირელი" გახდება, რომელიც ამ საქმეში იაპონურ "ბრიჯსტოუნს" ჩაანაცვლებს.
"ბრიჯსტოუნმა" ფორმულა 1-დან წასვლა შარშანდელი სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, რის მიზეზადაც კომპანიის სამარკეტინგო სტრატეგიის მიმართულების შეცვლა გამოცხადდა. კარგა ხანს, იაპონური კომპანიის შემცვლელი არ ჩანდა, თუმცა საბოლოოდ, ამ მისიის თავის თავზე აღება სამმა კომპანიამ - "პირელიმ", ფრანგულმა "მიშლენმა" და ამერიკულმა "კუპერ ევონმა" მოისურვეს.
FIA-სა და "პირელის" შორის გაფორმებული კონტრაქტით, იტალიური კომპანია დიდი პრიზების მსოფლიო ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებისთვის საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი იქნება. ამასთან, მას FIA-ს მიერ შემოღებული ტექნიკური და სპორტული რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოუწევს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველა გუნდს საბურავებზე თანაბარი არჩევანის საშუალება მიეცემა და ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება.
"პირელი" ფორმულა 1-ში დებიუტანტი არაა. იტალიური კომპანია მსოფლიოს პირველივე ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა დიდი პრიზების არენა რამდენჯერმე მიატოვა, ბოლოს კი იქ 1991 წელს იასპარეზა. "პირელის" საბურავებით, ფორმულა 1-ში 44 გამარჯვებაა მოპოვებული.